საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია
National Academy Sciences of Georgia.jpg
დაარსების თარიღი

25 თებერვალი, 1941

ტიპი

სამეცნიერო დაწესებულება

შტაბ-ბინა

თბილისი

ადგილმდებარეობა

საქართველოს დროშა საქართველო

წევრები

52 ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და 76 წევრ-კორესპონდენტი

ოფიციალური ენები

ქართული

საიტი

http://science.org.ge/

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია — საქართველოს უმაღლესი სამეცნიერო დაწესებულება. საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, როგორც საქართველოს მეცნიერთა ორგანიზაციული კავშირი, დაფუძნებულ იქნა 1941 წლის 25 თებერვალს. პირდაპირი წანამძღვრები, რომელთაც მოამზადეს ნიადაგი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შექმნისათვის, იყო საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ფილიალი და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში, სადაც გასული საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში მრავალი სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება ჩამოყალიბდა.[1] საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია კოორდინაციას უწევს მეცნიერულ კვლევებს საქართველოში და ამყარებს კავშირებს საზღვარგარეთის ქვეყნების აკადემიებთან და მეცნიერულ ცენტრებთან, აგრეთვე კურირებას უწევს საქართველოს 40-ზე მეტ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და ცენტრს. ამჟამად აკადემიაში 52 ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი) და 76 წევრ-კორესპონდენტია. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიას მდიდარი ეროვნულ-მეცნიერული ტრადიციები აქვს, რომლებიც საუკუნეების მანძილზე ყალიბდებოდა.[1]

საქართველოს მეცნიერებათა აკადემია დაფუძნდა 1941 წლის თებერვალში თბილისში. დამფუძნებელი წევრი აკადემიკოსები იყვნენ: გიორგი ახვლედიანი (ენათმეცნიერება), ივანე ბერიტაშვილი (ფიზიოლოგია), არნოლდ ჩიქობავა (იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება), გიორგი ჩუბინაშვილი (ხელოვნებათმცოდნეობა), სიმონ ჯანაშია (ისტორია), ალექსანდრე ჯანელიძე (გეოლოგია), კორნელი კეკელიძე (ფილოლოგია), ნიკო კეცხოველი (ბოტანიკა), ტარასი კვარაცხელია (სუბტროპიკული კულტურები), ნიკო მუსხელიშვილი (მათემატიკა, აკადემიის პირველი პრეზიდენტი 1941-1972 წლებში), ილია ვეკუა (მათემატიკა, 1972-1977 წწ. აკადემიის პრეზიდენტი), აკაკი შანიძე (ენათმეცნიერება), ალექსანდრე თვალჭრელიძე (მინერალოგია), დიმიტრი უზნაძე (ფსიქოლოგია), კირიაკ ზავრიევი (სამშენებლო მექანიკა) და ფილიპე ზაიცევი (ზოოლოგია).

აკადემიის სხვა მნიშვნელოვანი წევრები იყვნენ: ექვთიმე თაყაიშვილი (ისტორია), შალვა ნუცუბიძე (ფილოსოფია), გიორგი წერეთელი (აღმოსავლეთმცოდნეობა), სიმონ ყაუხჩიშვილი (კლასიკური ფილოლოგია), კონსტანტინე გამსახურდია (ლიტერატურა), ბორის კუფტინი (არქეოლოგია), სერგი ჯიქია (თურქოლოგია), ელეფთერ ანდრონიკაშვილი (ფიზიკა), სერგი დურმიშიძე (ბიოქიმია), გიორგი მელიქიშვილი (ისტორია), ნიკოლოზ ბერძენიშვილი (ისტორია), ვიქტორ კუპრაძე (მათემატიკა), რევაზ დოღონაძე (კვანტური ელექტროქიმია), ოთარ ლორთქიფანიძე (არქეოლოგია).

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პირველ პრეზიდენტად არჩეულ იქნა აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი. იგი 30 წლის მანძილზე (1941-1972) ხელმძღვანელობდა აკადემიას. 1972-1977 წლებში აკადემიის პრეზიდენტი იყო ილია ვეკუა, 1978-1986 წლებში — აკადემიკოსი ევგენი ხარაძე, 1986-2005 წლებში — აკადემიკოსი ალბერტ თავხელიძე. 2005 წლიდან აკადემიას სათავეში ედგა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე; 2013 წლის 19 ივნისიდან აკადემიის პრეზიდენტია ბიოლოგი, აკადემიკოსი გიორგი კვესიტაძე.

2011 წელს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ აღნიშნა «აკადემიის» დაარსებიდან 70 წელი და მისი პირველი პრეზიდენტის აკადემიკოს ნიკოლოზ მუსხელიშვილის დაბადების 120-ე წლისთავი.[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]