ძველით ახალი წელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ძველით ახალი წელი (ბელარ. Стары Новы год, ბერძნ. Παλιά νέο έτος, სერბ. Српска Нова година ან Srpska Nova godina, რუს. Старый Новый год, უკრ. Старий Новий рік, სომხ. Հին Նոր Տարի, მაკედ. და ბულგ. Стара Нова година, რუმინ. Anul Nou pe rit vechi) — ტრადიციული დღესასწაული, რომლითაც სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ იულიუსის კალენდრის 1-ლ იანვარს, ახალ წელს. XX და XXI საუკუნეებში ძველით ახალი წელი გრიგორიანული კალენდრის 14 იანვარზე მოდის, ახალი წლიდან 13 დღეში. როგორც წესი, ძველით ახალ წელს, არც ერთი სახელმწიფო არ ცნობს ქვეყნის ოფიციალურ დღესასწაულად.

რუსეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა 1918 წელს ოფიციალურად გადავიდა გრიგორიანულ კალენდარზე, რუსული მართლმადიდებლური ეკლესია მას შემდეგ კვლავ იულიუსის კალენდრით სარგებლობს. ახალი წელი აღინიშნება ორივე კალენდრით.

იულიუსის კალენდრის ახალი წელი რუსეთში დღემდე არაოფიციალურია და რუსები ახალ წელს ორჯერ, 1-ელ და 14 იანვარს აღნიშნავენ.

სერბეთში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყველაზე ხშირად სერბეთში ამ დღესასწაულს სერბულ ახალ წელს უწოდებენ (Српска Нова година/Srpska Nova godina).

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესია თავის დღესასწაულებს კვლავ იულიუსის კალენდრით აღნიშნავს.

მოსახლეობის ნაწილი ძველით ახალ წელს ისევე აღნიშნავს, როგორც 1 იანვარს. ბელგრადში, პარლამენტისა და მერიის შენობის წინ ეწყობა კონცერტი. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით წმინდა საბას საკათედრო ტაძრიდან უშვებენ ფოიერვერკს, სადაც უამრავი ადამიანია შეკრებილი. ასეთივე ღონისძიებები ეწყობა სხვა ქალაქებშიც.

მაკედონიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაკედონიაში ეს დღესასწაული „ძველი ახალი წლის“ სახელითაა ცნობილი (Стара Нова година). 13 იანვრის ღამეს, ხალხი ქუჩებში გამოდის, სადაც მეზობლები უზარმაზარ კოცონს ანთებენ, შემდეგ კი ერთად ჭამენ და სვამენ.

ძველით ახალ წელს ასევე აღნიშნავენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები მაკედონელები, ძირითადად ავსტრალიაში, კანადასა და აშშ-ში.

სხვა ქვეყნებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველით ახალი წლის ტრადიცია შემონახულია ასევე სომხეთში, ბელარუსში, ბოსნია-ჰერცეგოვინაში, საქართველოში, ყაზახეთში, ჩერნოგორიაში, მოლდოვაში, უკრაინაში, უელსსა და შვეიცარიაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში შოტლანდიელი გელების ნაწილი კვლავ აღნიშნავდა ამ დღესასწაულს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]